მეზობლების თქმით, საგარეჯოში თავდამსხმელს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა – მომხდარის ახალი დეტალები

საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, მოქალაქეებზე თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია.

ადგილობრივების თქმით, სროლის ხმა პირველად დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაიგეს.

მეზობლები ასევე ამბობენ, რომ თავდამსხმელთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ, ისინი ვარაუდობენ, რომ ნოდარ ათუაშვილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.

მათივე თქმით, მას არანაირი მოთხოვნა არ ჰქონია და ცეცხლი პირდაპირ გახსნა, ასევე, აივნიდან გადმოაგდო ბოთლი, რომელიც აფეთქდა.

“მეძინა, იარაღის სროლამ გამაღვიძა და ბავშვებს შევხედე ეგრევე ოთახში. 5-წუთიანი ინტერვალები იყო, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვერ მივდიოდი, ხოხვით მივედი [აივანთან] რომ მკვდრები დავინახე ეს ბიჭები. ორივე მხრიდან [ისროდა] ხან ერთ ბალკონზე გამოდიდოა, გამოვიქცეოდი ბავშვებით, დაწოლილი მოვხოხავდით”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კიდევ ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელი უმისამართოდ ისროდა და ადგილზე მისულ სასწრაფოსაც ცეცხლი გაუხსნა.

“სამჯერ გვესროლა… ბოთლი გადმოაგდო და აფეთქდა… მაღაზიაშიც ისროდა და პოლიციელი მოკლა… ვინც ვერ შეასწრო, ყველა ჩაცხრილა”, – ამბობს ის.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი.

დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები