საჩხერეში, არგვეთში პაოლო იაშვილის განახლებული მუზეუმი გაიხსნა
კულტურის სამინისტროსა და საჩხერის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით სოფელ არგვეთში პოეტ პაოლო იაშვილის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა.
ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გაგა დარბაიძე, პაოლო იაშვილის შთამომავლები: გია და მერაბ ნიჟარაძეები და პოეტის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.
“პოეტის საიუბილეო წელთან დაკავშირებით კულტურის მინისტრის ინიციატივით ეროვნულ მუზეუმში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წინა წლებში რესტავრირებულ მუზეუმში მუზეოგრაფიის პროექტი – ახალი კონცეფცია შეიმუშავა. კონცეფცია ხუთ თემატურ სივრცედ მოეწყო, ესაა: ოჯახი და ბავშვობა, ქუთაისის პერიოდი, მულტიმედიის სივრცე და ცისფერყანწელთა ოთახი. მოძიებულ იქნა საარქივო მასალა, რესტავრაცია გაუკეთდა ოჯახის ავეჯს და ნივთებს, დამზადდა სტენდები და გამოიფინა პოეტის ორენოვანი შემოქმედება, ოთახები აღიჭურვა ახალი განათების სისტემით.
ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ რეგიონული კონკურსის – “ჩემი პარნასი”-ს გამარჯვებულები თერჯოლის, ტყიბულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებიდან.
მინისტრის, საჩხერის თვითმმართველობისა და პოეტის შთამომავლების შეთანხმებით – სამომავლოდ აქ დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა მოეწყობა, სადაც გაიმართება რეგიონული მასშტაბის კონკურსები, კონფერენციები და სხვა პროექტები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.