იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ძლიერი ქარის შედეგად რეგიონი საკმაოდ დაზარალდა და სტიქია კვლავ გრძელდება.
მისი თქმით, რამდენიმე მუნიციპალიტეტს ამ დრომდე არ აქვს ელექტროენერგია, ქუთაისში კი 3000-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება.
“იმერეთის რეგიონში მთელი ღამის განმავლობაში იყო ძლიერი ქარი. შესაბამისად, ჩვენი სამსახურები იყო მობილიზებული, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ადგილებზე.
ღამით 69 შენობა დაზიანდა, როგორც საცხოვრებელი კორპუსი, ასევე საკუთარი სახლები. 10-მდე მანქანა დაზიანდა ქალაქში. არის რიგი მუნიციპალიტეტები, სადაც ამ დრომდე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ქუთაისში 3000-მდე აბონენტს წყალი არ მიეწოდება. გვქონდა ხანძრის შემთხვევაც, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხიანში. დაზიანდა სათბურები ვარციხეში და ა.შ.
ყველა ამ მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც საგანგებო, ასევე “ენერგო პრო” და “სოკარი”.
ვცდილობთ, მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ ის პრობლემები რაც ჩვენს წინაშეა.
პარალელურად, მიმდინარეობს ზარალის დათვლაც, თუმცა წინასწარ არ შემიძლია კონკრეტულ რიცხვებზე გესაუბროთ, სანამ არ დასრულდება სტიქია და არ დავიწყებთ ერთიანად დაჯამებას”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.