ძლიერი ქარი გურიაში – ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
უამინდობამ პრობლემები შექმნა გურიაშიც.
ძლიერი ქარის შედეგად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ხე, მათ შორის საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე წაიქცა, რის შედეგადაც სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.
ჩოხატაურის მერის, დავით შარაშიძის განცხადებით, ძლიერმა ქარმა რამდენიმე სოფელში გზებზე არსებული ფანჩატურები და დამხმარე ნაგებობები დააზიანა.
მისი თქმით, შემთხვევის ადგილებზე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
„მთავარ ქუჩებზე ხეები დაზიანდა და მოძრაობა ჩაკეტა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იმყოფებიან. გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დამხმარე ნაგებობებზე სახურავები დაზიანდა, რასაც მერია დღესვე აღადგენს. ასევე სოფლების გზაზე ფანჩატურები დააზიანა“,- განაცხადა შარაშიძემ.
ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტშიც. დაზიანებულია ელექტრობოძები.
სოფელ ჩიბათში დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, რომლის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ქალაქის ცენტრალურ სკვერში დაზიანებულია საახალწლო განათებები.
„შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს აღწერს. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს: გრიგოლეთს, ნიგვზიანს, ჯურუყვეთს, ლესას, ჩიბათსა და აკეთს. კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ აღდგენით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. მობილიზებულია ყველა სამსახური. კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა სახის სალიკვიდაციო ღონისძიებები ტარდება“, – განაცხადეს ლანჩხუთის მერიაში.
ცნობისთვის, ძლიერი ქარია დასავლეთ საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე. სტიქიამ უკვე არაერთი მუნიციპალიტეტი დააზარალა.