“ღრმად მწამს, რომ ქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი პოზიტიურად გადაიჭრება და განვითარების ახალ ეტაპზე გადავალთ” – ინტერვიუ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარესთან

რა პროექტები განხორციელდა 2022 წელს ფოთში და რა იგეგმება მომავალ წელს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ ისაუბრა:

– ბატონო ალექსანდრე, როგორ შეაფასებდით განვლილ წელს და როგორი იყო ის ჩვენი ქვეყნისთვის?

– მინდა აღვნიშნო, რომ გასული წელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით რთული და დაძაბული წელი აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩვენი რეგიონისთვის ვინაიდან რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში ჩვენი ქვეყანაც დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. საპირწონედ იდო ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ქართული ოცნების პოლიტიკურმა გუნდმა, მშვიდობიანი პოლიტიკა გაატარა და წარმატებით მოახერხა აერიდებინა არსებული საფრთხე საქართველოსთვის; შესაბამისად, ემოციური და არარაციონალური გადაწყვეტილებების ნაცვლად, ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებულმა პრაგმატულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას და რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული ეკონომიკური ბალანსის შექმნას. მიუხედავად ამისა, გვესმის, რომ სიღარიბე ჩვენს მთავარ პრობლემად რჩება და ამ მხრივ კიდევ ბევრია გასაკეთებელი; კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა ოკუპაცია და მისი თანამდევი პრობლემები, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრებ მოსახლეობას უკავშირდება; ორივე მიმართულება სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ეროვნული ინტერესების მატარებელია.

– თქვენ უკვე ერთი წელია რაც ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანდებით. თქვენი შეფასებით 2022 წელი როგორი წელი იყო ფოთისთვის?

– ვიდრე თქვენი შეკითხვის პასუხზე გადავალ თავდაპირველად კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო აწ გარდაცვლილი ირაკლი ხახუბია. მისი როლი და შენატანი ქალაქის საქმიანობაში დიდია და იგი მარადიულად დარჩება ჩვენს გულებში.

რაც შეეხება კითხვას, ჩემთვის, როგორც რიგითი ფოთელისთვის ზემოხსენებული ყველა საკითხი აქტუალურია და პირდაპირ არის კავშირში ქალაქის განვითარებასთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, თუმცა ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ გავაუმჯობესოთ თითოეული ჩვენი თანაქალაქელის ყოფა. ამ კუთხით, ჩვენს ქალაქშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა არაერთი მიმართულებით. პირველ ყოვლისა მინდა აღვნიშნო ქალაქ ფოთის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე. სწორედ, ამ მიზნით ვიმყოფებოდი მიწვეული WTM London – ის საერთაშორისო ტურისტულ ფორუმზე ბრიტანეთში, სადაც მკაფიო გზავნილები მივიღეთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამ კუთხით ვაგრძელებთ აქტიურ კომუნიკაციას ყველა საჭირო მიმართულებით. აღსანიშნავია ახალგაზრდული რესურსების გამოყენების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, რაც გამოიხატა თანამშრომლობის მემორანდუმით საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან ქალაქის არქიტექტურული განვითარების მიზნით. საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა ქალაქთან თანამშრომლობისა, რომელიც გულისხმობს სტუდენტების ჩართულობას კონკრეტული არქიტექტურული პროექტების მომზადებასა და დამუშავებაში. უნდა ითქვას, რომ ეს მოვლენა ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტოა და ისტორიული სიახლეა. ასევე, გაიხსნა და სრული დატვირთვით ამუშავდა ფოთის საცურაო აუზი, რომელიც მოსახლეობას შეუფერხებლად ემსახურება. გავზარდეთ დაფინანსება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის. თუმცა, მანამდე უნდა აღინიშნოს, რომ წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები იანვრის ბოლოდან განახლდება და ერთიანი ძალისხმევით ამ პრობლემასაც საბოლოოდ გადავჭრით. მომავალი წლიდან ვგეგმავთ მალთაყვის ტყე-პარკის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიმართულებით უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები. ასევე, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ფოთის კოლხეთის საფეხბურთო კლუბი გადავეცით ინვესტორს, რამაც ხელშესახები შედეგები უკვე მოიტანა და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალშიც ჩვენი გუნდი დაიმკვიდრებს თავის კუთვნილ ადგილს საქართველოს საფეხბურთო რუკაზე. ასევე ძალიან მახარებს ფოთის რაგბის გუნდის წარმატება და ამ პროცესში სპონსორების აქტიური ჩართულობა, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. გარდა ამისა, სწრაფი ტემპით ხორციელდება ბაღებისა და სკოლების სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები. აქტიური რეჟიმში მიმდინარეობს კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც პერიოდულად მთელ ქალაქის მასშტაბით განხორციელდება. ამ ფორმატში რთულია დეტალურად აღწერო მიმდინარე პროექტების სრული ჩამონათვალი, თუმცა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ ჩვენს ვებგვერდს და სრული ინფორმაცია მიიღონ. ამასთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნებისმიერი ჯგუფის თუ სუბიექტის ჩართულობა ქალაქის პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ამისთვის, ყოველ ხუთშაბათს, მოქალაქეებთან შეხვედრის საათის ფარგლებში, პირადად მე და საკრებულოს წევრები ვისმენთ მათ ხედვებს, პრობლემებს, აზრებს და ვცდილობთ გვქონდეს ადეკვატური და შედეგზე ორიენტირებული რეაქცია.

ჩვენი მოსვლის დღიდან, ზემოაღნიშნული საკითხების გადაჭრაში, “ქართული ოცნების” პოლიტიკური გუნდი სრულ მხარდაჭერას გვიცხადებდა და, რა თქმა უნდა, სამომავლოდაც შევინარჩუნებთ მჭიდრო კომუნიკაციას. რომ არა აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საკანონმდებლო ორგანოებთან თანამშრომლობა ძნელი იქნებოდა იმ შედეგებზე საუბარი რომელიც დღეს უკვე გვაქვს. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქალაქ ფოთის მერის ბატონი ბექა ვაჭარაძის უდიდესი კონტრიბუცია ყველა ამ პროცესში. შესაბამისად დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პირადად მას, მერიის ყველა სამსახურს და თითოეულ თანამშრომელს. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთობლივი მუშაობის ეს გამოცდილება ქალაქისთვის კიდევ უფრო მეტი სასარგებლო საქმეების წინაპირობა გახდება. ღრმად მწამს, რომ ქალაქისთვის ყველა მნიშვნელოვანი პროექტი პოზიტიურად გადაიჭრება და განვითარების ახალ ეტაპზე გადავალთ.

– რას ეტყოდით ფოთელებს წინა საახალწლოდ?

– ვულოცავ ჩემ ქალაქს დამდეგ შობა-ახალ წელს! მართალია წინა წელი გამოწვევებით იყო აღსავსე, თუმცა მომავალი ჩვენს ხელშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საუკეთესო მომავლის შესაქმნელად. დღეს შექმნილ ვითარებაში, ჩვენს ქვეყანას და ქალაქს, პირველ რიგში, მინდა ვუსურვო მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა. დაე, საუკეთესო 2023 წელი გვქონოდეს ჩვენი და ჩვენი შვილების საკეთილდღეოდ. ღმერთმა დალოცოს და დაიფაროს საქართველო, ქალაქი ფოთი და მისი თითოეული მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები