ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკებს საჩუქრად 220 ერთეული წიგნი გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ბოლნისის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ სოსო კოპალეიშვილთან ერთად საქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკებს 220 ერთეული წიგნი საჩუქრად გადასცა. ინფორმაციას ბოლნისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
წიგნები ბიბლიოთეკების მკითხველების სურვილის შესაბამისად აირჩა. მერიის მიერ გადაცემული წიგნები როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ლიტერატურას აერთიანებს და ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხველზეა გათვლილი.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო და საბავშვო ბიბლიოთეკები წლების განმავლობაში სტანდარტებთან შეუსაბამო შენობაში ფუნქციონირებდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით, ყოფილი სამოქალაქო რეესტრის შენობას სარეაბილიტაციო და ტექნიკური გადაიარაღების სამუშაოები ჩაუტარდა და ორივე ბიბლიოთეკა აღნიშნულ სივრცეში განთავსდა.
,,დღეს, ბოლნისში ორ ბიბლიოთეკას 220 ერთეული წიგნი გადავეცით. ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანია ჩვენს ბიბლიოთეკებში მრავალფეროვანი წიგნადი ფონდი შევქმნათ, რომელიც ყველა თაობის მკითხველზე იქნება გათვლილი. წიგნიერების დონის ამაღლება, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წიგნიერი მომავალი თაობა ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარების საწინდარია“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.