“არ გვჯერა, რომ მარტო ჩაიდინა ეს საშინელება”, – ფასანაურში ცოლ-ქმრის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ფასანაურში სასტიკად მოკლული ცოლ-ქმრის საქმეში ახალი დეტალები ხდება ცნობილი. 37 წლის დიანა ბუჩუკურს და მის ინდოელ ქმარს ავტომობილების ხელოსანმა დაზიანებები დანით და ქვით მიაყენა. როგორც მოკლული ცოლ-ქმრის ახლობლები ამბობენ, ქალს მძიმე დაზიანებები სახეზე აქვს მიყენებული.

ოჯახმა ცოლ-ქმრის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ისინი სახლიდან ავტომობილის საყიდლად გავიდნენ. როგორც ირკვევა, სომხეთის მოქალაქემ ცოლ-ქმრისგან 35 ათასი დოლარი მიითვისა.

“ინტერნეტში ნახა მანქანები. რამდენიმე მანქანა უნდა შეეძინა. სახეზეც ეტყობოდათ წამების კვალი, დანით არიან დახოცილები და შემდეგ ჭაში ჩაყარა და გადამალვის მიზნით ქვები დააყარა. ჩემს დას ძალიან ჰქონდა დაზიანებული სახე, ჩამტვრეული ჰქონდა ძვლები მთლიანად სახის,” – ამბობს გარდაცვლილის და.

ოჯახის ახლობლები ჟურნალისტებთან საუბრისას ვარაუდობენ, რომ ავტომობილების ხელოსანი, მარტო არ მოქმედებდა და ის ორ ადამიანს ასე სასტიკად ვერ გაუსწორდებოდა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ქალი ქმრის დახმარებას ცდილობდა, რა დროსაც დაზიანებები მკვლელმა მასაც მიაყენა, შემდეგ კი ქვით გაუსწორდა. წყვილს პოლიცია 2 დღის განმავლობაში ეძებდა, ხოლო კამერების ამოღების და შესწავლის შემდეგ მათ კვალს თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში მიტოვებულ შენობაში მიაგნო.

„როგორც ვიცით, ამ ავტომობილების ჩამოყვანაზე ის იყო პასუხისმგებელი. როგორც ბავშვი ამბობს, დედა და მამა სწორედ ამ ავტომობილების წამოსაყვანად წავიდნენ და ფულიც თან ჰქონდათ. სკოლიდან დაბრუნებულ ბავშვს სახლში დედ-მამა არ დახვდა და ბებიას დაურეკა. გაჩნდა ეჭვი, რომ რაღაცა უბედურება ხდებოდა. ბებიამ პოლიციას დაურეკა და სამართალდამცველებმა მათი ძებნა დაიწყო.

ვიდეოჩანაწერებმა ქალაქგარეთ მიტოვებულ შენობამდე მიიყვანა. თხრილში ჩაყრილები, დასახიჩრებულები იპოვეს. არსებობს ეჭვი, რომ ჯერ დანა ურტყა, მერე ორივეს ქვით მოუსწრაფა სიცოცხლე. არ გვჯერა, რომ მარტო ჩაიდინა ეს საშინელება. ბიჭიც ფიზიკურად ძლიერი იყო და ცოლიც როგორც ჩანს მის დაცვას ცდილობდა. ასე ორივეს სასტიკად როგორ გაუსწორდა, საეჭვოა. გოგოს სახე არ ეტყობა, ქვით ისე აქვს ძვლები დამტვრეული,” – ამბობს ერთ-ერთი ახლობელი.

პოლიციამ დამნაშავე, 40 წლამდე კაცი უკვე დააკავა.

მისი ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და საქმესთან მხოლოდ ირიბი შემხებლობა აქვს, ამიტომ არ გამორიცხავს მისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია შეეცვალოს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები