ლადო ხინჩეგაშვილმა გორელი სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები 2022 წელს მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის დააჯილდოვა
გორელ სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და გუნდებს 2022 წელს მიღწეული სპორტული წარმატებებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ. ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სპორტის 13 სახეობაში (თავისუფალი ჭიდაობა, ძიუდო, ქართული ჭიდაობა, ბერძნულ – რომაული ჭიდაობა, კრივი, კინკბოქსი, პარამკლავჭიდი, კალათბურთი, ფეხბურთი, სამბო, სუმო, ფრენბურთი, ხელბურთი) მოღვაწე 100-მდე წარმატებული სპორტსმენი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ თემურ ხუბულურმა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ 100-დან 30-მა სპორტსმენმა საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზა. მათ მსოფლიო და ევროპის შეჯიბრებებიდან საქართველოში 37 მედალი – 8 ოქრო, 13 ვერცხლი, 16 ბრინჯაო ჩამოიტანეს.
გარდა ამისა გამარჯვებულები გამოვლინდნენ 7 ნომინაციაში:
- წლის საუკეთესო სპორტსმენი – გენო პეტრიაშვილი (თავისუფალ ჭიდაობაში)
- წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი – საბა სამადაშვილი (ძიუდო)
- წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა – ანნა გოდელაშვილი (თავისუფალ ჭიდაობაში)
- წლის საუკეთესო მწვრთნელი – არჩილ ბარამიძე (თავისუფალ ჭიდაობაში)
- წლის საუკეთესო მწვრთნელი ვერა შავშიშვილი (კალათბურთი)
- წლის საუკეთესო სკოლა – ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლა
- წლის საუკეთესო გუნდი – ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდი “გორის დილა”
ღონისძიება ტრადიციულია და ყოველ წელს იმართება.