დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ ოზურგეთში ბოიკოტი გამოუცხადა საკუთარ მოსახლეობას, როდესაც წლის მთავარი დოკუმენტის, 2023 წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობაზე უარი თქვა, – ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
„იმის ნაცვლად, რომ ოპონირება გაეწიათ და ჩართულიყვნენ ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვაში, მდარე პოლიტიკური შოუ მოუწყვეს საკუთარ თავს, რაც ყველასთვის ცხადია რომ ნაცმოძრაობაში არსებული შიდა დაპირისპირებით აიხსნება – მათი ფრაქციის ჯერ ერთი ფრთა და მერე მეორე, დესტრუქციაში ერთმანეთს ეჯიბრება.
რა თქმა უნდა, მათი დემარში ოზურგეთის განვითარებას ვერ შეაჩერებს. ბიუჯეტი დღეს დამტკიცდება და განვაგრძობთ საქმის კეთებას. ჩემთვის, როგორც მერისთვის მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ერთად, საქმიანი შედეგზე ორიენტირებული დისკუსიით ერთობლივად ვუპასუხოთ იმ პრობლემებს და გამოწვევებს რომელიც საზოგადოებას აწუხებს, ჩვენ ვიმუშავეთ და მოვამზადეთ განვითარებაზე ორიენტირებული ბიუჯეტის პროექტი, რომლითაც შევეცდებით ვუპასუხოთ მუნიციპალიტეტის სოციალურ და ეკონომიკურ ამოცანებს”,- აღნიშნავს, ოზურგეთის მერი.