აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამინისტროს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ სამინისტროს მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტების მერები, მეწარმეები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

“მიმდინარე წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში დაფინანსდა 13 წარმატებული პროექტი, როგორც პირველადი წარმოების, ასევე გადამუშავება-შენახვა-რეალიზაციის მიმართულებით. განხორციელდა გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა, რომლის ფარგლებში დაფინანსდა 800-მდე სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და მცირე საოჯახო მეურნეობების მიერ წარმოდგენილი პროექტები.
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ფარგლებში, ფერმერთა ცოდნის ამაღლების მიზნით, ექსტენციის ქსელის უფასო კონსულტაცია სხვადასხვა დარგის მიმართულებით 4 500-მდე ფერმერს ჩაუტარდა, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად განხორციელდა, უსასყიდლოდ დამუშავებული იქნა 2 000 ჰა მიწის სახნავ-სათესი ფართობები.

შეუფერხებლად მიმდინარეობს ციტრუსის მიმდინარე სეზონი, დღეის მდგომარეობით ექსპორტირებულია 10 000 ტონა სტანდარტული მანდარინი. ხოლო არასტანდარტული მიღებული და გადამუშავებულია 3 200 ტონა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება მიმდინარეობს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წელს აჭარის სსიპ სატყეო სააგენტომ გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკისგან (KfW) 7 500 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. გრანტის ფარგლებში აჭარაში ხელი შეეწყობა ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას, აჭარის სატყეო სააგენტოს ინსტიტუციურ განვითარებას და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას. სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 8 645 601 ლარით გაიზარდა და შეადგინა 29 530 950 ლარი.

შეხვედრის ბოლოს, სოფლის მეურნეობის დარგში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქვეუწყებო დაწესებულებების თანამშრომლები”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები