ქუთაისში 2023 წელს USAID-ის კიდევ ერთი პროგრამის განხორციელება დაიწყება
ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი პროგრამა შეიქმნა საქართველოში დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობის მიზნით. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ქუთაისის მუნიციპალიტეტმა წარმატებით გაიარა შერჩევის სამივე ეტაპი, გამოთქვა პროგრამაში მონაწილეობის ფინანსური და რესურსული განსაკუთრებით მაღალი მზაობა და მოხვდა იმ 11 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც პროგრამა 2023 წელს დაიწყებს მუშაობას.
“ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ და მისი ბიუჯეტი 21 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
პროგრამის მთავარი მიზანია, დეცენტრალიზაციისა და საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობის, ანგარიშვალდებულებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა; ასევე, ინკლუზიური და მომხმარებელზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარების ხელშეწყობა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.