გორის მერია: გორელი მოზარდები, რომლებსაც კინგ ბოქსის, მკლავჭიდისა და კრივის შესწავლა სურთ, მალე ახალი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე სპორტული დარბაზებით ისარგებლებენ
გორელი მოზარდები, რომლებსაც კინგ ბოქსის, მკლავჭიდისა და კრივის შესწავლა სურთ, მალე ახალი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე სპორტული დარბაზებით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ახლად რეაბილიტირებული დარბაზები (ძირითადი და დამხმარე) კომბინატის დასახლებაში არსებული კულტურის ცენტრის შენობის (მშვიდობის გამზირი #12/ა) აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული.
“პროექტის მიხედვით ამოიცვალა ფანჯრები, კარები, იატაკი, გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო თაბაშირ მუყაოს შეკიდული ჭერი, სველი წერტილები, წყალარინების და გათბობის სისტემები.
დარბაზებში, ჯერჯერობით, საჭირო სპორტული ინვენტარის ნაწილია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული სპორტული სივრცეების ინვენტარით სრულად უზრუნველყოფა .
ამ ეტაპზე, წარმოდგენილ სპორტის სახეობებს – კინგ ბოქსს, მკლავჭიდსა და კრივს, გორის მუნიციპალიტეტში 150-მდე ახალგაზრდა ეუფლება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.