რუსთავის მუნიციპალიტეტს “პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2022”-ის სპეციალური პრიზი გადაეცა

 

რუსთავის მუნიციპალიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით გამართული კონკურსის – “პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2022″-ის რეგიონულ მხარდამჭერად დასახელდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

კონკურსის სპეციალური პრიზი, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტომ დააწესა, 2022 წლის „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს” საზეიმო ცერემონიაზე, რუსთავის მერს ნინო ლაცაბიძეს გადაეცა. საქართველოს პარლამენტის სპეციალური პრიზი – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობის კატეგორიაში კი რუსთავის პროფესიულმა კოლეჯმა „მოდუსმა” მიიღო.

“ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ათასწლეულის ფონდის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, პროფესიული განათლების სფეროსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროფესიული განათლების 2022 წლის სტუდენტი კოლეჯ „იკაროსის” კურსდამთავრებული აკაკი ცანკაშვილი გახდა, პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი „სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის” პედაგოგმა, გრიგოლ ფრანგიშვილმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ნომინაციაში გამარჯვებული კოლეჯი „იკაროსი” გახდა პროგრამით – კულინარიის ხელოვნება, ხოლო წლის პროფესიული მომზადების/ გადამზადების კატეგორიაში გამარჯვებულად გამოცხადდა კოლეჯი „ახალი ტალღა”, პროგრამით – კერძების მომზადების ტექნოლოგია.
წელს, ძირითადი საკონკურსო კატეგორიების გარდა, სპეციალური ჯილდოები დააწესეს კონკურსის პარტნიორებმა: საქართველოს პარლამენტმა და პროფესიული უნარების სააგენტომ.
„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს” ყოველწლიური კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით წელს მეხუთედ ჩატარდა. კონკურსის მიზანი – პროფესიული განათლების, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მნიშვნელოვანი კომპონენტის, განვითარება და პოპულარიზაციაა. „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს” გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები