ბოიკოტიდან ჩანს მორიგი მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის, იმ სტაბილური გარემოს მოშლის, რაც ჩვენი ხელისუფლების წყალობით ქვეყანაში არის, – ასე ეხმაურება აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ილია ვერძაძე “ნაციონალური მოძრაობის” ბოიკოტის რეჟიმში გადასვლის გადაწყვეტილებას.
ვერძაძის შეფასებით, ესეც მათი მორიგი წარუმატებელი მცდელობა იქნება.
„ბოიკოტიდან ჩანს მორიგი მცდელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის შემოტანის, იმ სტაბილური გარემოს მოშლის, რაც ჩვენი ხელისუფლების წყალობით ქვეყანაშია. 2012 წლიდან მიყოლებული ამ უნიათო მცდელობას ყოველ ჯერზე ვხედავთ. ხშირად ძალიან ბანალური მიზეზით ქვეყნის არევას ცდილობენ, დღესაც ვფიქრობ, ფოკუსირება გააკეთეს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, არანაირი რეალური საფუძველი აქ ჩვენ არ შეიძლება, დავინახოთ, ვერც დავინახავთ, ის სასჯელს კანონით გათვალისწინებული წესით იხდის, ეს მორიგი მცდელობაც წარუმატებლად დასრულდება”, – განაცხადა ილია ვერძაძემ.
ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სხდომას ბოიკოტს უცხადებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.