გორში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები გრძელდება
გორში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში შეჯიბრებები გრძელდება. გორის მერიის ცნობით, ამჯერად, პირველობა ფრენბურთში გაიმართა და შეჯიბრში როგორც გოგონების, ასევე ბიჭების გუნდებიც მონაწილეობდნენ.
ფინალურ შეხვედრებში ერთმანეთს ვაჟებს შორის გორის მე-7 და რეხის საჯარო სკოლების გუნდები, გოგონებს შორის კი გორის მე-7 და მე-3 საჯარო სკოლების გუნდები დაუპირისპირდნენ. ბიჭებში პირველი ადგილი გორის მე-7, ხოლო გოგონებში გორის მე-3 საჯარო სკოლების გუნდებმა მოიპოვეს.
გორის მერიის ინფორმაციით, გამარჯვებული გუნდები 2023 წლის გაზაფხულზე ოლიმპიადის რეგიონულ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრების დარჩენილი ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ისინი ზონალურ, რესპუბლიკურ და მსოფლიო ჩემპიონატებშიც მიიღებენ მონაწილეობას. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 7 სპორტის სახეობაში მიმდინარეობს. მათ შორის ხუთში, უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში მუნიციპალიტეტის დონეზე გასამართი შეხვედრები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტარდება.