მარტვილელი ლუკა წოწორია 2022 წლის მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს გამარჯვებულია
მარტვილის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „სხივის“ მოსწავლე ლუკა წოწორია, 2022 წლის მოსწავლე გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“-ს გამარჯვებულია.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით გამოცხადებულ კონკურსში ლუკა წოწორიას, მარიამ ღურჭუმელიას და ანა დიმიტრიადის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საკონკურსო კომისიის წინაშე მათ თავიანთი გამოგონება „SMART კონსულტანტი“ წარადგინეს, რომელმაც აღნიშნულ კონკურსში გრან-პრი მოიპოვა. კონკურსისთვის ახალგაზრდების მომზადებას ახალგაზრდა მეცნიერი, ფიზიკოსი უტა კილასონია ხელმძღვანელობდა.
გამარჯვებამდე განვლილი გზის შესახებ ლუკა წოწორიამ „სხივის“ საკონფერენციო დარბაზში პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და გივი ელიავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა ესწრებოდნენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშია ლუკა წოწორიას მიღწეული წარმატება მიულოცა და სიგელი გადასცა. ასევე მერია ლუკას 1000 ლარს გადასცემს.
მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა „ლეონარდო და ვინჩი“ კონკურსის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმების ხელშეწყობა; სასწავლო პროცესის სტიმულირება – სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება; ინოვაციებისა და ტექნიკის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება; შემოქმედებითი აზროვნებისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.