რუსთავში დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება
რუსთავში საახალწლო სოფლის გახსნისთვის მზადება მიმდინარეობს. ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, თავისუფლების მოედანზე, დღეს 20:00 საათზე აინთება.
2023 წლის მთავარი ფერი, რუსთავის საახალწლო სოფელში ოქროსფერია. ოქროსფერი ნაძვის ხის გარშემო მოწყობილ საახალწლო სოფელში, სიურპრიზებით სავსე დღესასწაული, 10 დეკემბრიდან, 6 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს რუსთაველებს.
,, ჩვენს ქალაქში, ნაძვის ხის ანთების ახალი ტრადიცია გვექნება და ყველა ერთად, საახალწლო განწყობის შექმნას შევძლებთ, განსაკუთრებით კი ჩვენი პატარებისთვის. მადლობა მინდა ვუთხრა რუსთავის მერიის თანამშრომლებს, მათ ვინც 24 საათის განმავლობაში, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საახალწლო განწყობა თითოეულმა რუსთაველმა იგრძნოს. ასევე, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბიზნესს მხარდაჭერისთვის. ასე რომ, დღეს ყველას გელოდებით თავისუფლების მოედანზე, ერთად ავანთოთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავში საახალწლო დღესასწაულის პირველი სიურპრიზი, ქალაქის ისტორიას უკავშირდება. შობა-ახალი წლის ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, უფლისწული იქნება, რომელიც ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთებს. გაიმართება ანსამბლ ,,თუთარჩელას” კონცერტი.
პირველი წინასაახალწლო დღესასწაული რუსთავში, ფოიერვერკით დასრულდება. 10 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით, კი საახალწლო სოფელი თითქმის ყოველდღე ახალი პროგრამით უმასპინძლებს სტუმრებს.
საახალწლო ილუმინაციებით და გირლანდებით არის მორთული კოსტავას, მეგობრობისა და შარტავას გამზირები, ცენტრალური ხიდი, თოდრიას ქუჩა, ჟიული შარტავას სახელობის, მშვიდობისა და ახალგაზრდობის პარკები, ამასთან, დეკორაციები დამონტაჟდა შიდა ეზოებში არსებული ახალ სკვერებიც.
საახალწლო დეკორაციების, განათებებისა და ნაძვის ხეების მონტაჟში „რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებთან ერთად, რუსთავის მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.