სენაკში აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში სენაკში მცხოვრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, საკვირაო სკოლის გახსნით ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„საკვირაო სკოლა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერითა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ორგანიზებით გაიხსნა.
საკვირაო სკოლის ფარგლებში, განხორციელდება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული ღონისძიებები. მონაწილეები შეიძენენ და განივითარებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიც არის – პრობლემის გადაჭრა, ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, სტრესის მართვა და სხვა.
საკვირაო სკოლა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამის – „დევნილთა მომსახურების ცენტრების“ ფარგლებში გაიხსნა და სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდები შეძლებენ უფასოდ ჩაერთონ აღნიშნულ აქტივობებში.
პროექტის მიზანია მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება, მოზარდთა თავისუფალი დროის გონივრული ორგანიზება, ახალგაზრდებში STEM-ის მიმართულებით ინტერესის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მათთვის ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები