ხაშურში ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღური თავდასხმისა და გაუპატიურების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. საქმეს მოსამართლე დახურულ სხდომაზე განიხილავდა, რადგან ერთ-ერთი დანაშაული სექსუალურ ძალადობას ეხება.
ხაშურის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა – ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.
„ამაზე მკაცრი ღონისძიება არ არსებობს და რომ არსებობდეს, ალბათ, იმას მოვითხოვდით. ეს არის უალტერნატივო მოთხოვნა“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
ბრალდებულების ინტერესებს სასამართლო პროცესზე იურიდიული დახმარების გორის ბიუროს ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი ადვოკატი გიორგი ჯეირანაშვილი იცავდა.
ჯეირანაშვილის ინფორმაციით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. საქმის სხვა დეტალებზე კი არ საუბრობენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, 25 ნოემბერს მომხდარი დანაშაულის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.