რა ტიპის ვირუსული ინფექციებია გავრცელებული ბავშვებში და როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში – ქეთევან შარანგიას რჩევები

შემოდგომა სეზონური ვირუსების მხრივ აქტიური პერიოდია. განსაკუთრებით საყურადღებოა ვირუსის მიმდინარეობა ბავშვებში. რა სიმპტომებით ვლინდება სეზონური გრიპები პატარებში, როგორ ვუმკურნალოთ მათ სახლის პირობებში და რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სტაციონარს, ამის შესახებ პედიატრი, რესპუბლიკური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი – ქეთევან შარანგია გვესაუბრება.

“შემოდგომის დადგომასთან ერთად, ტემპერატურის ცვლილებასთან ერთად, ზოგადად, ქვეყანაში მატულობს ვირუსული ინფექციები.
ბავშვთა ასაკში 10-12 სახეობის ვირუსი შეიძლება, იყოს დაავადების გამომწვევი. მათ შორის არის, რა თქმა უნდა, სეზონური გრიპი ა, ბ, ც, ადენოვირუსი, პარაგრიპი, შეიძლება – იყოს რესპირატორული ვირუსი, რინოვირუსი და ა.შ. სხვადასხვა ვირუსული სახეობა არის ახლა გავრცელებული უშუალოდ საქართველოში. აქედან გამომდინარე, ბავშვებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ბაღსა და სკოლაში დადიან, ემართებათ ხშირად ეს ვირუსული ინფექციები, მაგრამ ეს ყოველთვის ერთი და იგივე ვირუსები არ არის. ერთსა და იმავე ბავშვს შეიძლება, თვეში ორჯერაც კი, სხვადასხვა ვირუსით განპირობებული დაავადება გამოუვლინდეს. ამიტომ, მშობლებს რომ უყვართ ხოლმე თქმა, “იმუნიტეტი აქვს ბავშვს დაბალი და ამიტომ ემართება ხშირად ვირუსი”, არ არის მართებული“, – აღნიშნავს პედიატრი.
რაც შეეხება მკურნალობას სახლის პირობებში – პედიატრი მშობლებს ურჩევს, რომ, პირველ ყოვლისა, ბავშვს შესაბამისი რაოდენობით სითხე დაალევინონ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სახლი, სადაც ვირუსით ინფიცირებული იმყოფება, ხშირად განიავდეს. იმ შემთხვევაში კი, თუ, რეკომენდაციების შესრულების მიუხედავად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, მიმართონ უბნის ექიმს.

„ვირუსების უმრავლესობას ბინაზე უნდა მკურნალობა. ძირითადად, უნდა დავტვირთოთ სითხეებით, ეს რეკომენდაცია ეხება ყველას, დიდსაც და პატარასაც. ვირუსული ინფექციის დროს, მით უმეტეს, თუ ეს არის ტემპერატურული რეაქცია, ორგანიზმმა უნდა მიიღოს სითხე. სასურველია, რომ ასაკის მიხედვით 24 საათში მივიღოთ 1.5-დან 2.5 ლიტრამდე სითხე, რათა ის სითხის დანაკარგი, რაც ახლავს ტემპერატურულ რეაქციას, პირით სუნთქვის გახშირებას, ავანაზღაუროთ.
ყელის ტკივილის დროს მე ვურჩევდი მშობლებს, რომ წამლის მაგივრად გამოიყენონ თბილი კომპოტი, თბილი ჩაი, რაც ყელის სიმშრალეს და ჩახეხვის გრძნობას მოუხსნის ბავშვს, მაგრამ ეს თბილი სითხის მიღება არა ერთბაშად, არამედ – ყლუპებით, 15-20 წუთში ერთხელ. თბილი სითხე ამშვიდებს და აწყნარებს ანთებით ლორწოვანს, რომელიც ვირუსული ინფექციის დროს აქვთ პაციენტებს.
კიდევ ერთი რჩევა შეიძლება, მივცეთ მშობელს, როდესაც ცხვირიდან გამონადენი აქვს ბავშვს, გამოიყენონ მარილიანი წყალი. თავად დაამზადონ: ერთი ჩაის ჭიქა წყალზე ნახევარი ჩაის კოვზი მარილი. ეს ხსნარი ამცირებს ცხვირიდან გამონადენს და მის თანმხლებ დისკომფორტს ამცირებს.
რაც შეეხება ტემპერატურულ რეაქციებს, თუ ბავშვს 38.5-ზე ზემოთ აქვს ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მიიღოს სიცხის დამწევი საშუალება. ბავშვებში რეკომენდებულია, რომ სიცხის დამწევი საშუალება, განსაკუთრებით – 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იყოს პარაცეტამოლი, ცოტა მოზრდილმა კი სიცხის დამწევ საშუალებად შეიძლება, არასტეროიდიც მიიღოს.
აუცილებელია, რომ ის ოთახი და ზოგადად სახლი, სადაც იმყოფება ბავშვი, ხშირად განიავდეს, ეს ერთ-ერთი საშუალებაა – რომ მალე გამოჯანმრთელდეს ბავშვი.
კვებას რაც შეეხება, შესაძლოა, ცოტა უმადობა ჰქონდეს ბავშვს და არ ჭამდეს ჩვეული რაოდენობით, ეს ნორმალურია და სასურველია, რომ არ დავაძალოთ. რაიმე განსაკუთრებული დიეტა ვირუსული ინფექციის დროს საჭირო არ არის.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებში, მოზრდილებისგან განსხვავებით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში სხვადასხვა ფუნქციური თავისებურება არის დამახასიათებელი.
2 თვემდე ბავშვი არის ძალიან საყურადღებო და ამ ასაკის ბავშვს ზემოაღნიშნული რეკომენდაციები, რითაც მშობელმა ბინაზე უნდა მართოს ვირუსის მიმდინარეობა, არ ეხება. 2 თვემდე ბავშვი ყველა შემთხვევაში აუცილებლად უნდა შეაფასოს ექიმმა და გადაწყვიტოს შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა.
ეს არის ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც სასურველია – მშობელმა იცოდეს, რომ ბინაზე მართოს ბავშვის მდგომარეობა.
თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ, რეკომენდაციების შესრულების მიუხედავად, ტემპერატურული რეაქცია გახანგრძლივდა, ბავშვი მოითენთა და არის მივარდნილი, ძალიან აკრძალა საკვების მიღება და მშობელი ხვდება, რომ მდგომარეობა გაუარესებულია, აუცილებლად უნდა მიმართონ ჯერ უბნის ექიმს, რომელიც შეაფასებს ბავშვის მდგომარეობას. ოჯახის ექიმმა უნდა შეაფასოს, საჭიროა სტაციონარში ბავშვის გადაყვანა თუ ამბულატორიულ პირობებში უნდა გაგრძელდეს მკურნალობა“, – ამბობს შარანგია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მშობლებმა ვირუსის გადატანის შემდეგ მალევე ბავშვი სკოლასა და ბაღში არ უნდა გაუშვან, რადგან ამ დროს ჯერ კიდევ არ არის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა აღდგენილი. ამასთან, ის სხვა ბავშვებისთვისაც საფრთხის შემცველია.
ბავშვების იმუნიტეტის გაძლიერებისთვის, პედიატრი მშობლებს გრიპის ვაქცინაციის რეკომენდაციას აძლევს და აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვს შეხვდება ვირუსი, ის გაცილებით უფრო მსუბუქად გადაიტანს მას.

„კიდევ ერთი საგულისხმო ფაქტი ისაა, რომ ნებისმიერი ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში დაბლდება და მხოლოდ 2 კვირის შემდეგ იწყება სრულფასოვანი ფუნქციონირება. მაგრამ ბავშვი, რომელიც გადაიტანს ვირუსულ ინფექციას, 5-6 დღეში უკეთესად ხდება და მშობელს მიჰყავს სკოლაში თუ ბაღში. აქედან გამომდინარე, ვინაიდან სხვადასხვა ტიპის ვირუსია, ამავე ბავშვს ემართება მეორე ვირუსი და მიმღები ამ შემთხვევაში უფრო მეტად არის ორგანიზმი, ვიდრე – 2-3 კვირის შემდეგ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია – მშობლებმა იცოდნენ, რომ როცა ბავშვი გადაიტანს ვირუსულ ინფექციას, მეორე დღეს არ წაიყვანოს ბაღში ან სკოლაში.
თუ მშობელი ფიქრობს, რომ რა მოხდა – ბავშვს ცხვირიდან გამონადენი აქვს, რა მოხდა – ცოტას ახველებს და შეიძლება, ბაღში წავიყვანო, ასეთი ბავშვი სხვებისთვის არის საშიში, რადგან ჯანმრთელი ბავშვი ავადდება და ეს ინფექციები ტრიალებს ერთმანეთში. კიდევ ვიმეორებ, ნებისმიერი ვირუსული ინფექცია ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას აქვეითებს და ამ დაქვეითებული იმუნიტეტის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას სჭირდება 2 კვირა მაინც.
სასურველია, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე ჩავატაროთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რითაც ჩვენ ბავშვებს ხშირი ავადობისგან დავიცავთ. ცხადია, ვაქცინა 100 პროცენტით არ იცავს და მაინც შესაძლოა, ბავშვი გახდეს ავად, მაგრამ ვაქცინირებულ ბავშვებში უფრო მსუბუქი მიმდინარეობა ექნება ვირუსს და უფრო მალე გამოჯანმრთელდება“, – აცხადებს ქეთევან შარანგია.

როგორია ვირუსის სიმპტომები და განსხვავდება თუ არა ბავშვებსა და ზრდასრულებში – ქეთევან შარანგია განმარტავს, რომ ვირუსის სიმპტომები ბავშვებსა და მოზრდილებში თითქმის იდენტურია.

„სხვადასხვა ვირუსს სხვადასხვა სიმპტომი ახასიათებს. მაგალითად, რინოვირუსისათვის დამახასიათებელია ცხვირიდან უხვი გამონადენი, რომელსაც შემდეგ თან ერთვის ხველა. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწყება უფრო ხშირად ცემინებით, რომელსაც მერე ერთვება ხველა და სურდო. სხვა ვირუსებისთვის უფრო დამახასიათებელია ყელის ტკივილი. ზოგადად, სიმპტომები ერთნაირია ბავშვებსა და მოზრდილებში, მაგრამ თვითონ ვირუსის ტიპს გააჩნია – რა სიმპტომები შეიძლება, იყოს გამოვლენილი.
საერთოდ, ვირუსულ ინფექციებს ახასიათებს სურდო, ყელის ტკივილი, თვალების სიწითლე, ხმის ჩახლეჩვაც შეიძლება, იყოს და ასევე ტემპერატურული რეაქცია.
სწორედ ეს უკანასკნელი, ტემპერატურული რეაქცია შესაძლოა, იყოს განსხვავებულად გამოვლენილი ბავშვებსა და მოზრდილებში. მოზრდილებში ტემპერატურის ზედა ზღვარი შეიძლება, იყოს უფრო დაბალი, ვიდრე – ბავშვებში. მაგალითისთვის, თუ მოზრდილს შეიძლება, ჰქონდეს ტემპერატურა 38.5 , ბავშვს შეიძლება, იმავე ვირუსით გამოწვეული ტემპერატურა ჰქონდეს 39 და მეტიც. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ვირუსული ინფექციისა ბავშვებსა და მოზრდილებში არის ის, რომ ბავშვებში ინკუბაციური პერიოდი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე – მოზრდილებში“, – განმარტავს ექიმი.

ქეთევან შარანგია დასძენს, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მალე პედიატრიული სტაციონარი გაიხსნება, რომელიც ბავშვებს სრულ მომსახურებას გაუწევს, მანამდე კი მათ მოზრდილთა სტაციონარი ემსახურება.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში იგეგმება პედიატრიული სტაციონარის გახსნა, ამჟამად, მხოლოდ კოვიდპედიატრია მოქმედებს, სადაც მხოლოდ კოვიდპაციენტები წვანან. პედიატრიული სტაციონარი კი გახსნის შემდეგ ყველა პაციენტს მიიღებს. ამ ეტაპზე, გვაქვს დღის სტაციონარი, რაც ნიშნავს, რომ ბავშვის მოთავსება შესაძლებელია დაახლოებით, 6 საათის განმავლობაში, სადაც შეგვიძლია – გავსინჯოთ, ანალიზები ავუღოთ, საჭირო პროცედურები გავუკეთოთ და უკვე დასტაბილურებულ მდგომარეობაში გავუშვათ ბინაზე“, – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები