გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ რუსთაველ პედაგოგს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – რას ჰყვება ბრალდებული ჩვენებაში

რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელს, ქართლოს სამარგულიანს, რომელსაც 4 მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას ედავებოდნენ, სასამართლომ 8-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით, 51 წლის მამაკაცი 2 ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში გამართლდა, ორი მე-6 კლასელი ბავშვის მიმართ დანაშაულის ჩადენაში კი გამტყუნდა.

უფლებადამცველი “ინტერპრესნიუსთან” ამბობს, რომ ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა აღნიშნული მასწავლებლის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, ვინაიდან მას მე-6 კლასელმა შვილმა უთხრა, რომ „გაკვეთილის მსვლელობისას ინფორმატიკის მასწავლებელი ხელით შეეხო საჯდომთან, ასევე კისერსა და წელზე“.

თავად სამარგულიანი დანაშაულს არ აღიარებს. მსჯავრდებული თავის ჩვენებაში ჰყვება, რომ ბრალდების გამო თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და სკოლა თავის სურვილის საფუძველზე დატოვა.

„მოვიდა მშობელი პრეტენზიით, ბავშვი ტირისო, სკოლაში წამოსვლა არ უნდაო. გავგიჟდი, დამრიგებელიც იქ იყო და სასწავლო ნაწილიც. მე ვუთხარი, რას ლაპარაკობთ, რას მაბრალებთ, ამ ხნის კაცი ვარ, 51 წლის კაცი ვარ, ამდენი ბავშვი გავზარდე, ასეთი რაღაც ცხოვრებაში არ მომხდარა-მეთქი. მე იქ ვეღარ გავჩერდებოდი, მე იქ ელემენტარულად აღარ დამედგომებოდა. წავალ, „გრუშჩიკად“ ვიმუშავებ, სკოლაში მე ვეღარ გავჩერდები-მეთქი, სკოლის დირექტორს ვუთხარი“, – აცხადებს მასწავლებელი ჩვენებაში.

ცნობისთვის, 51 წლის ქართლოს სამარგულიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს. ბრალი წარდგენილი აქვს ასევე სკოლის დირექტორსაც და მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მას დანაშაული შეუტყობინებლობას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები