საგარეჯოში რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა
საგარეჯოში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა – დასრულდა რევაზ ინანიშვილის სახლ-მუზეუმის აღდგენითი სამუშაოები.
მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი, პირველ მოადგილე ემზარ კუჭუაშვილთან ერთად სოფელ ხაშმში, მწერალ – რევაზ ინანიშვილის მშობლიურ სახლს ესტუმრა და მუზეუმის დასკვნითი სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმური მონიტორინგის ფარგლებში მოინახულა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის რესტავრირებული ინვენტარით აღჭურვა.
„ეს გახლავთ ადგილი, სადაც დიდმა მწერალმა ადრეული ბავშვობის უზრუნველი წლები გაატარა. პროზის აღიარებულმა ოსტატმა სოფელ ხაშმსა და თავის ყმაწვილკაცობის მოგონებებს არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა.
ჩვენ, ჩვენი ვალი უნდა მოვიხადოთ ერისა და მომავლის წინაშე, რათა საამაყო მწერლის სახელი უკვდავყოთ და თაობებს ისტორიად შემოვუნახოთ.
ეს სახლ-მუზეუმი იქნება რეზო ინანიშვილის საცხოვრებელი სახლის პირვანდელ კონსტრუქციასთან მაქსიმალურად მიახლოებული შენობა, რათა გავაცოცხლოთ წარსული.
მე ამაყი ვარ, რომ ამ წამოწყების ინიციატორი და იდეის თანაავტორი ვარ. მალე, ერთად, საზეიმო ვითარებაში გავხსნით სახლ-მუზეუმს და
ეს იქნება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით განხორციელებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი”. – განაცხადა ავთანდილ გულიკაშვილმა
სახლ-მუზეუმის რეკონსტრუქცია აღდგენითი სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 165 243 ლარით დაფინანსდა.