“ვიღაცები ეკამათებოდნენ ერთმანეთს და ამას შეესწრო ბავშვი” – ზუგდიდში მოკლული 15 წლის ბიჭის ბებია

ზუგდიდში მოკლული მოზარდი 15 საბა მამფორიაა. გარდაცვლილის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს. როგორც მოკლულის ახლობლები აცხადებენ, სავარაუდოდ,  მოზარდი სხვის კონფლიქტს ემსხვერპლა.

“ამის ჩამდენი სასტიკად უნდა დაისაჯოს. ვიღაცები ეკამათებოდნენ ერთმანეთს და ამას შეესწრო ბავშვი, მეტი არაფერი არ ვიცი,”- აცხადებს საბა მამფორიას ბებია, ზოია მამფორია.

ცნობისთვის, ზუგდიდში 15 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე,  სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ე.ც., არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს – 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები