რუსლან აბაშიძემ ჰერალდიკის სახელმწიფოს საბჭოს ორგანიზებით გამართულ სემინარში მიიღო მონაწილება
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფოს საბჭოს ორგანიზებით გამართულ სემინარში „ავტონომიური რესპუბლიკების სიმბოლოები“ მიიღო მონაწილეობა,- ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, სემინარი საქართველოს ისტორიული დროშების და საზღვაო რუკების გამოფენით გაიხსნა. გამოიფინა შუა საუკუნეების (XIV-XVI სს.) პორტოლანები, რომლებზეც საქართველო, ქალაქ თბილისი და საზღვაო ნავსადგური სებასტოპოლისი, დღევანდელი სოხუმი, წარმოდგენილია ისტორიული ხუთჯვრიანი დროშით.
“გაიმართა წიგნის “აფხაზეთის სიმბოლიკისათვის“ პრეზენტაცია. ნაშრომში განხილულია, როგორც აფხაზეთის ჰერალდიკური მემკვიდრეობა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის სიმბოლოები დღევანდელი მდგომარეობით, ასევე პროექტები, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შეიმუშავა.
სემინარის მონაწილეებმა განიხილეს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებული საკითხები, აჭარისა და აფხაზეთის ჰერალდიკური მემკვიდრეობა და სამომავლო გეგმები.
სემინარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრი ნანა გაბელია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევის ცენტრის წევრები, სამეცნიერო წრეების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.