ნინო ლაცაბიძე : ვნახეთ კარგი მაგალითი, თუ როგორ არიან ერთხმად მოწოდებულნი “ნაციონალური მოძრაობა” და პარტია ,,საქართველოსთვის”, რომ მხარი არ დაუჭირონ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პროგრამებს

რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია, სადაც 2023 წელს განსახორციელებელი პროგრამები უნდა განხილულიყო, ხმაურის ფონზე ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სხდომას რუსთავის მერი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ. ნინო ლაცაბიძემ სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური პროგრამები პირადად წარადგინა და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხა.
როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კომისიის წევრებმა, რომლის უმრავლესობასაც პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და ,,საქართველოსთვის” წევრები წარმოადგენენ, ორი ახალი – კერძოდ, შინ მოვლისა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი პროგრამა ჩააგდო და ბიუროზე გატანას მხარი არ დაუჭირა.
ნინო ლაცაბიძის განცხადებით, სხდომაზე იყო უფრო მეტი პოლიტიკა და დემაგოგია, ვიდრე რეალური და კომპეტენტური კითხვები.
,, დღეს ვნახეთ კარგი მაგალითი, როგორ არიან ,,ნაციონალური მოძრაობა” და პარტია ,,საქართველოსთვის”, ერთხმად მოწოდებულნი, რომ მხარი არ დაუჭირონ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან პროგრამებს. თუნდაც ისეთ პროგრამას, როგორიცაა მოქალაქეების შინ მოვლის პროგრამა, რომლის განხორციელებაც ჩვენ 2023 წლისთვის გვინდოდა. ჩვენ სხდომაზე ვიყავით იმისთვის, რომ პასუხი გაგვეცა ყველა კითხვისთვის, რომელიც ექნებოდათ, სამწუხაროდ ეს კითხვები არ იყო, იყო უფრო მეტი პოლიტიკა, ვიდრე ქალაქის სიყვარული, იყო უფრო მეტი დემაგოგია, ვიდრე რეალური კომპეტენტური შეკითხვები, ან საკითხების დაზუსტება. სამწუხაროდ ყველამ ნახა, რომ ამ ფორმატში საკრებულოსთან მუშაობა, მშვიდად საქმეზე და ქალაქზე ორიენტირება არის შეუძლებელი. დემაგოგია და პოლიტიკა, აი ეს არის მათი რეალური სახე და ქალაქის სიყვარულისგან სრულიად დაცლილნი არიან”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის განცხადებით, ამ სიტუაციაში, იმ შეურაცხყოფისა და იმ პოლიტიკური სპექტაკლის ფონზე, ძალიან რთული იყო კონკრეტულად საქმეზე ორიენტირება, თუმცა ძალიან დიდი მოთმინების ფასად, დღეს შეეცადნენ, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი ყოფილიყო გაცემული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები