მეტალურგთა პროფკავშირის ხელმძღვანელი – “რუსთავის აზოტში” მომხდარზე: ვინაიდან ასეთი შემთხვევა მოხდა, ე.ი. შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო

საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის შეფასებით, “რუსთავის აზოტის” ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობა იყო.

„ამიაკის სინთეზის საწარმოს უკან არის მაცივარი, რომლის რემონტიც მიმდინარეობდა. ხარაჩოზე იმყოფებოდა ხუთი ადამიანი. ჩამოიშალა ხარაჩო და ჯგუფის ხელმძღვანელი ადგილზე დაიღუპა. ორი ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, ორს ადგილზევე გაეწია დახმარება და ისინი სახლში იმყოფებიან. ვფიქრობ, ვინაიდან ასეთი შემთხვევა მოხდა, ე.ი. შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო“, – განაცხადა თამაზ დოლაბერიძემ.

„რუსთავის აზოტის“ ერთ-ერთ საწარმოში მომხდარ შემთხვევაზე შს სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოებზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები