ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში ახალი გარე განათების სისტემები მოეწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში გარე განათების სისტემების მოწყობა აქტიურად გრძელდება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულებულია ქალაქ ვალეში და მუნიციპალიტეტის 12 სოფელში. ესენია: წყორძა, გურკელი, წინუბანი, წნისი, ტატანისი, სვირი, ბოგა, ანი, ჭვინთა, ელიაწმინდა, ივლიტა და ჯულღა. სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
„გარდა ამისა, მიმდინარე წელს ახალი გარე განათების სისტემები მოეწყობა სოფლებში აწყურში, ტყემლანასა და მუგარეთშიც. სამუშაოების უზრუნველსაყოფად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები.
პროექტები ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, ხმათა უმრავლესობით, დასახლების საერთო კრებებზე და საკონსულტაციო შეხვედრებზე შეარჩიეს.
გარე განათებების მოწყობა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურული სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.