ქედის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში” და ,,ქედის ღვინის ფესტივალი” გაიმართა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქედის მუნიციპალიტეტში გამართულ შემოდგომის სახალხო დღესასწაულ ქედელობას დაესწრო, ქედის მცხოვრებლებს სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალის ფარგლებში გაიმართა საწარმოების, ფერმერებისა და ქედის ღვინის მარნების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ქედის ადგილობრივ და უცხოელ სტუმრებს ტრადიციული ფოლკლორული შოუს ნახვის, ეთნოგრაფიული კუთხეების, ხელნაკეთი ნივთების დათვალიერების და ადგილობრივი ნაწარმის დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.
“გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ საპატიო ქედელები, დამსახურებული მოღვაწეები და საუკეთესო მეღვინეები.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დავით შავლიძის ვენახში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ზაზა შავაძესთან ერთად, ჩხავერის რთველში მიიღო მონაწილეობა.
მევენახე ფერმერმა ჩხავერის ჯიში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „მრავალწლიანი ხეხილოვანი კულტურების ნერგებით, ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში, 2000 კვ.მ. ფართობზე გააშენა. აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში – 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერით დაკავებულია 20 ჰა ფართობი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.