ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის 85 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პროექტები ხორციელდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე სოფლების 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ჯამურად 85 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს ახორციელებს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილეებთან, ქვემო ქართლის რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერ დავით შერაზადიშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
ამ ეტაპზე, ქ. ბოლნისში აზიის ბანკის მხარდაჭერით აქტიურად გრძელდება წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. პროექტების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის გათვალისწინებულია:
• ქ. ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანება;
• ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების ბალიჭის, ძველი ქვეშისა და ძეძვნარიანის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა.
• ქ. ბოლნისის „ყარაბულახის“ სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია, მაგისტრალური მილის, წყალსადენი ქსელის, სატუმბი სადგურის მოწყობა. ასევე, არსებული რეზერვუარების რეაბილიტაცია.
მიმდინარე პროექტების პარალელურად, სოფელ ტალავერის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი მიმდინარეობს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 85 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები