რუსთავის მერია აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტზე და ქალაქის გენერალური გეგმის განახლებაზე იწყებს მუშაობას
რუსთავის მერია ქალაქის შემოგარენში არსებული აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტზე და განვითარების გენერალური გეგმის განახლებაზე იწყებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, 800 ჰექტარი მიწის განაშენიანების პროექტზე, რუსთავის მერიის არქიტექტორები, ურბანისტების საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად იმუშავებენ. აღნიშნულ თემაზე, ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ შეხვედრა გამართა, სადაც აუთვისებელი ვრცელი ტერიტორიების ურბანული განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაცია, რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა კობა ძლიერიშვილმა წარადგინა.
პრეზენტაციას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მერის პირველი მოადგილე კახა გურული, ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” და პროექტზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.
,,რუსთავში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც შეეხება 8 ათას რუსთაველს. ამ გადაწყვეტილების თანახმად, ჩვენ 800 ჰექტარ მიწის ფართობზე განაშენიანების გეგმის შემუშავება დავიწყეთ, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ქალაქის ახალი ურბანული განვითარებისთვის. განაშენიანების ახალი გეგმა რუსთავს განვითარების ახალ შესაძლებლობას მისცემს”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
აუთვისებელი ტერიტორიების ურბანული განვითარების პროექტის შემუშავების მიზნით, სპეციალური საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში ცნობილი არქიტექტორი და ურბანისტი ქალაქმგეგმარებელი მერაბ ბოლქვაძე, თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კობა ყალიჩავა, სივრცითი დაგეგმვისა და სამშენებლო საქმიანობის ექსპერტი, არქიტექტორ-ურბანისტი, მიწათსარგებლობის დამგეგმავი ვახტანგ ჯოხაძე და ფონდი ,,განვითარება და გარემოს” თავმჯდომარე თემურ ტყემალაძე არიან.
,,რუსთავის მერიამ ვრცელი ტერიტორიის ქალაქ-განვითარების წინადადებების მომზადების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ცალ-ცალკე 5-7 ათას კვ. მეტრზე ქალაქის განვითარება დაუშვებელია და ეს ქაოსს გამოიწვევდა, რადგან სოციალურ ობიექტებზე, მომსახურების ინფრასტრუქტურაზე, საინჟინრო კომუნიკაციებზე ამ შემთხვევაში საერთოდ არ იქნებოდა ნაფიქრი. საკითხის ერთიანად გადაწყვეტა არის ყველაზე სწორი გზა და ამისთვის ექსპერტთა ჯგუფი შეირჩა, რომელიც ამ საკითხზე საკონკურსოდ, საპროექტო დავალების სახით წინადადებებს მოამზადებს”, – განაცხადა საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა მერაბ ბოლქვაძემ.
რუსთავის შემოგარენში არსებული მიწები, რომელთა დიდი ნაწილი მოქალაქეების კერძო მფლობელობაშია, განვითარების გეგმის არარსებობის გამო, დღემდე უფუნქციოა.
“რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაინიცირდა პროცესი, რაც 8 ათას ოჯახს ერთის მხრივ მისცემს შესაძლებლობას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვა და გამოყენება მოახდინოს, მეორეს მხრივ, მოხდეს ვრცელი ტერიტორიის სწორი დაგეგმარება და განაშენიანება, რაც უფრო მეტად საინტერესოს და მიმზიდველს გახდის ჩვენს ქალაქში ცხოვრებას”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა
800 ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორიის ურბანული განვითარების პროექტის შექმნის შემდეგ, აღნიშნული სივრცე, განვითარების ახალ შესაძლებლობას შეიძენს და დამატებითი აქტივიც იქნება იმ 8000-მდე მოქალაქისთვის, რომლებიც მიწის ამ ნაკვეთებისთვის, ფუნქციური დატვირთვის მიცემას, წლების განმავლობაში ითხოვდნენ.