სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს” ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროკურორებმა მარტვილში ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე სენაკში კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი ,,სოხუმი,,-ს ბენეფიციარებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

“შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დაცვის, მხარდაჭერის და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესს. პროკურატურის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ მსგავსი კატეგორიის დანაშაულების დროს კოორდინატორები დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერას და მათ გაძლიერებას უზრუნველყოფენ.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა; ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ფემიციდის დანაშაულებთან დაკავშირებით.

ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ხორციელდება. ოჯახში ძალადობის და ფემიციდის დანაშაულების დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და მათი საჭიროებების გათვალისწინება კამპანიის ფარგლებში აქტიურად გაგრძელდება.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია. ამ მიზნით, პროკურორები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები