ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 109-ე შეხვედრა მიმდინარეობს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების რიგით 109-ე შეხვედრა დაიწყო.

ქართული მხარის განცხადებით, შეხვედრაზე საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მიმდინარე ბორდერიზაციასა და გახშირებული გატაცებებზე იმსჯელებენ.

როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას.

„მთავარი განსახილველი საკითხი დღევანდელ შეხვედრაზე იქნება უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხი და უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. შეხვედრებს შორის დაფიქსირდა ცხრა ფაქტი უკანონო ბორდერიზაციის, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. ექვსი პირი იყო დაკავებული ბოლო შეხვედრისას დღემდე და ექვსივე გათავისუფლებულია. დაკავებულებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო. მოხდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსოლიდირებული პოზიციის დაფიქსირება ძალიან აქტიური ფორმით, წარმოებდა ინტენსიური კონსულტაციები, რის შედეგადაც გახდა შესაძლებელი ისინი მოკლე ვადაში დაბრუნებოდნენ საკუთარ ოჯახებს. ამ დროისთვის, უკანონო პატიმრობაში ჩვენი ოთხი მოქალაქე რჩება“,- განაცხადა ანთაძემ.

ამასთან, არის მოლოდინი, რომ სამწლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ განცხადებები გააკეთონ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები