გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიაში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად 125 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტებს ახორციელებს

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე მოადგილეებთან ერთად სამუშაო ვიზიტით გურიის რეგიონს ესტუმრა. ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელობამ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში მიმდინარე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

“მიმდინარე პროექტების მიხედვით, გათვალისწინებულია წყალმომარაგების ქსელის, ჭაბურღილის, სატუმბო სადგურისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობა.

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2023 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

გურიის რეგიონში მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ 35 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში, რეგიონის უწყვეტ წყალმომარაგებას 125 მლნ. ლარამდე მოხმარდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები