ნინო ლაცაბიძემ 2022 წლის ანგარიში, არასამთავრობო სექტორის წინაშე წარადგინა

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, 2022 წელის ანგარიში, არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე წარადგინა.
მუნიციპალური რეფორმები და ახალი სერვისები, 50-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, 35 სოციალური პროგრამა, ახალგაზრდული, სოციალური, კულტურული, სტუდენტური პროგრამები, ასეთი იყო ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პრიორიტეტები 2022 წელს რუსთავში.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართული შეხვედრა, ნინო ლაცაბიძის ანგარიშის პრეზენტაციით დაიწყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
,,რუსთავის მერიამ დაიწყო 2022 წლის სამუშაოების შესახებ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდება სამოქალაქო ჯგუფებისთვის. რამდენიმე დღის წინ გვქონდა შეხვედრა მრჩეველთა საბჭოსთან, იქვე ვთქვით, რომ შევხვდებოდით არასამთავრობო სექტორს. დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა შეკითხვები რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე 2023 წლის გეგმებზე, რომელიც დარწმუნებული ვარ ქალაქისთვის პრიორიტეტული იქნება”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსთავის მერმა დეტალურად ისაუბრა თუ რას მოხმარდა რუსთავის 2022 წელს, 104 მილიონი ლარით განსაზღვრული ბიუჯეტი, რა პროექტები განხორციელდა და რომელი სოციალური, კულტურული თუ ახალგაზრდული პროგრამები იყო პრიორიტეტული.
,,დღევანდელი შეხვედრა ქალაქის მერთან ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რადგან არასამთავრობო სექტორს მთელი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები წარმოგვიდგინა. ჩვენი მხრიდან დაისვა ისეთი საკითხები, რომლებიც უშუალოდ ქალაქის პრობლემებს ეხება. იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ დიალოგში შევიდეთ მერთან. არასამთავრობო სექტორი არის ის ძირითადი ძალა, რომელსაც მეტი შემხებლობა აქვს მოქალაქეებთან, ინფორმაციის წყაროა, რათა პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, მეტად აქტიურად ვისაუბროთ”, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელმა ნათია ქოქიაშვილმა.
არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე, რუსთავის მერმა 2023 წლის გეგმებზეც დეტალურად ისაუბრა. მერის ანგარიში, ნინო ლაცაბიძემ უკვე წარუდგინა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს, უახლოეს დღეებში კი რუსთაველ ახალგაზრდებს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები