თელავის სასამართლომ სოფელ კონდოლში ცოლ-ქმრის მკვლელობისათვის ბრალდებულ კაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმრის მკვლელობისათვის ბრალდებულ 34 წლის მამაკაცს, სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ კაპანაძემ მიიღო.
პროკურატურა მამაკაცს, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და ქურდობას ედავებოდა.
სოფელ კონდოლის ფერმაში მოკლული ცოლ-ქმრის ცხედრები მიმდინარე წლის 11 თებერვალს ნახეს.
საქმის მასალების თანახმად, სოფელ კონდოლში მდებარე მეცხოველეობის ფერმაში, ბრალდებულმა, მასთან ერთად მომუშავე ცოლ-ქმრის კუთვნილი 20 000 აშშ დოლარის დაუფლება სცადა. რისთვისაც მან უკანონოდ მოპოვებული იარაღიდან მოკლა ცოლ-ქმარი, მათი 16 წლის შვილი კი საწოლზე დააბა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მკვლელობაში ბრალდებული 34 წლის მამაკაცი კახეთის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.