გორში USAID-ის ახალი პროგრამის წარდგენა გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი USAID-ის პროგრამის „ძლიერი სოფლის” წარდგენას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 5 წლიანი პროგრამა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი ლარია.
პრეზენტაციას აშშ – ს განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ის ფერმერები და მეწარმეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც გასული წლების განმავლობაში USAID-ის სხვადასხვა პროგრამაში ბენეფიციარის სტატუსით იყვნენ ჩართულები.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს უწყვეტი თანადგომისთვის. USAID გორის მუნიციპალიტეტთან წლებია აქტიურად თანამშრომლობს. მიხარია, რომ აღნიშნული ორგანიზაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ ახალ, ხუთწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიურ მდგომარეობას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებები აშშ-ს განვითარების სააგენტოს”, – აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.