ბოლნისის მერიამ პირველკლასელ და სკოლამდელი მზაობის 1000-მდე ბავშვს საჩუქრად წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ გადასცა

ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე შედგენილი წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკლასელებსა და სასკოლო მზაობის 1000-მდე ბავშვს უსასყიდლოდ გადაეცა.

მუნიციპაიტეტის მერიის ინფორმაციით, წიგნების გადაცემა ბოლნისის ნომერ N1 საჯარო სკოლაში გაიმართა.

ღონისძიება სიმბოლურად სულხან-საბა ორბელიანის დაბადებიდან 364 წლისთავს დაემთხვა, ამიტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, წიგნის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა ბავშვებთან ერთად სკოლის ეზოში განთავსებული სულხან-საბა ორბელიანის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1000-მდე სკოლამდელი მზაობის ჯგუფის ბავშვსა და პირველკლასელს ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის შედგენილი წიგნი „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადავეცით. ვიმედოვნებ, რომ ეს სახელმძღვანელო ჩვენს პატარებს სწავლის პროცესს გაუადვილებთ და ცოდნის მიღებაში დაეხმარებათ. მსურს, გოჩა ტყეშელაშვილს ამ სახელმძღვანელოს შედგენისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიზანია, მომავალი თაობის განათლების პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს, სწორედ ამიტომ მსგავს საგანმანათლებლო პროექტებს მომავალშიც განვახორციელებთ“, – განაცხადა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, გოჩა ტყეშელაშვილმა დავით შერაზადიშვილს საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის, სახელმწიფო სამსახურში ეფექტური და წარმატებული მოღვაწეობისთვის „2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის მერის“ წოდება მიანიჭა. საპატიო წოდება, „2022 წლის საქვეყნო მნიშვნელობის სახელმწიფო მოხელე“, მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმაც მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ფარგლებში, ქალაქ ბოლნისის კულტურის სახლთან არსებულმა თოჯინების თეატრმა ბავშვებს სპექტაკლი შესთავაზა, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე კი მუსიკალური ნომრები ანსამბლმა ,,იმედი“ და სალომე წიქორიძემ შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები