ჭიათურაში სახვითი ხელოვნების ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

ჭიათურაში სახვითი ხელოვნების ახლად რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა. სახვითი ხელოვნების სკოლა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ჭიათურის საპატიო მოქალაქესთან,მხატვარ გივი კაპანაძესთან ერთად გახსნა.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას,რომელიც მუსიკალურად გააფორმეს სანდრო კავსაძის სახელობის პირველი სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, ადგილობრივი ხელისუფლების და ჭიათურის ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სკოლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ, რომელმაც აღნიშნა,რომ ჭიათურის სახვითი ხელოვნების სკოლა დიდი ტრადიციების მქონე სკოლაა ჭიათურაში ,სადაც ნიჭიერი და განსაკუთრებული მონაცემების მქონე მოსწავლეები სწავლობენ.

„დარწმუნებული ვარ,უფრო კომფორტულ სივრცეში კიდევ მეტი ახალგაზრდა წარმოაჩენს თავის ნიჭს, გამოცდილი პედაგოგები კი ყველაფერს გააკეთებენ,რათა კიდევ მეტად განუვითარონ მათ ხელოვნებისადმი ინტერესი”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.

პროექტის მიხედვით, მთლიანად განახლდა შენობის გარე ფასადი და შიდა სივრცე. განახლებულ გარემოში მოსწავლეები შეძლებენ ხატვის, ფერწერის, კომპოზიციის, ფოტოხელოვნების, ძერწვის, ხეზე კვეთის, ხელგარჯილობის, კომპიუტერული გრაფიკისა და ხელოვნების ისტორიის შესწავლას.
სახვითი ხელოვნების სკოლის რეაბილიტაციის მიზნით 59 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები