სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია წალენჯიხის მერის ბრალდებებს პასუხობს
წალენჯიხის მერის დღევანდელი ბრიფინგი, ყველა წინა ბრიფინგის მსგავსად იყო მხოლოდ ზოგადი და არაფრისმთქმელი, ჩვენ კი ვართ საქმეზე ორიენტირებულები და იმავეს ვთავაზობთ მასაც, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გურგუჩიამ წალენჯიხის მერის ბრალდებების შეფასებისას განაცხადა.
“მაშინ როცა ის ახლა უნდა იყოს ფახულანში, სადაც დილიდან ვართ ჩვენ და აგვარებდეს უგზოოდ დარჩენილი მოქალაქეების პრობლემას, აკეთებს პოპულისტურ განცხადებებს, ჩვენ კი სტიქიიდან მეორე დღეს ვახდენთ პრობლემური ხიდის აღდგენას.
ტყუილია მისი განცხადებები, რომ არ აქვს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა, წინა სტიქიის დროს წალენჯიხა იყო პირველი მუნიციპალიტეტი, რომელსაც დაუყოვნებლივ ჩაერიცხა თანხა. მოსახლეობას შევახსენებთ, რომ წალენჯიხის მერიამ მათი დაუდევრობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის განხორციელება საფრთხის ქვეშ დააყენა და რომ არა ცენტრალური ხელისუფლება და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, წალენჯიხელები ვერ ისარგებლებდნენ იმ სიკეთეებით რასაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გულისხმობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე მერების პირველ შეხვედრაზე პრემიერმა სხვა ქალაქების მერებთან ერთად მიიწვია წალენჯიხის მერიც, თუმცა გია ხარჩილავამ ფეისბუქით გვიპასუხა, რომ შეხვედრაზე არ მოდიოდა.
წალენჯიხაში ხორციელდება ყველა პროექტი, რასაც ხელისუფლება სხვა მუნიციპალიტეტებში ახორციელებს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტური მართვის შედეგია ის, რომ წალენჯიხა ბოლო ადგილზეა საქართველოს მასშტაბით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით გამოყოფილი თანხების ათვისებით. წალენჯიხის მერს შევახსენებ მათსავე საზეპირო ფრაზას – საქმე ლაპარაკის ნაცვლად!
რაც შეეხება ბატონი გიორგის კიდევ ერთ სიცრუეს, რომ სტიქიის დღეს მე წალენჯიხაში ვიმყოფებოდი მისივე სიტყვებით „არალეგიტიმურ პირთან” „ყოფილ გამგებელთან”, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ბესიკ ფარცვანია არის საკრებულოს წევრი და სწორედ საკრებულოს წევრებმა შეგვატყობინეს ჩვენ სტიქიის შესახებ. წალენჯიხის მერს სტიქიის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებია. ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი და შედეგსაც ხედავთ, მისგან უყურადღებოდ მიტოვებულ მოსახლეობას საავტომობილო გზა უახლოეს საათებში ექნება”, -აცხადებს გურგუჩია.