თეთრიწყარო – ბოლნისის დამაკავშირებელი 6 კმ-იანი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პავლე გამყრელიძე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თეთრიწყარო-დაღეთი-ტოფანი-ბოლნისის 6 კილომეტრიანი საავტომობილო გზის დასრულების ეტაპზე მყოფ ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნენ.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების, ტოფანი-დაღეთის გზის ტერიტორიაზე და გაივლის სოფლებს: დისველი, დაღეთი და სამშვილდე. პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი და მისი საერთო ღირებულება 4 092 366,71 ლარს შეადგენს.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას.
„ბოლნისი-თეთრიწყაროს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. მოხარული ვარ, რომ ცენტრალური მთავრობის დახმარებით, ამ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტის შედეგად ორი მუნიციპალიტეტი კომფორტული, მოწესრიგებული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს. ამ მონაკვეთზე გადაადგილება უკვე ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის უსაფრთხო გახდა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მუნიციპალიტეტის განვითარების ერთ-ერთი საწინდარია და ვფიქრობ, ეს პროექტი ადგილობრივი მცხოვრებლების საყოფაცხოვრებო პირობებსაც გააუმჯობესებს“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.