თორნიკე რიჟვაძე: ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება ავარიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება და კერძო სექტორთან ერთად ამ გამოწვევას უახლოეს სამ წელიწადში გადავჭრით
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან და მთავრობის წევრებთან ერთად დეველოპერებს შეხვდა და ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამის დეტალები და სამშენებლო კოდექსში შესული ცვლილებები გააცნო.
„ჩვენთვის ნომერ პირველ პრიორიტეტად რჩება ავარიულ სახლებში მცხოვრები მოსახლეობა და მათი უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა. დაინტერესება დიდია კერძო სექტორის მხრიდან და დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთობლივი, პარტნიორული ურთიერთობით შევძლებთ, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა გადავჭრათ შემდგომი სამი წლის განმავლობაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ის ცვლილებები, რომელიც განხორციელდა სამშენებლო კოდექსში. ეს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მისცემს კერძო სექტორს და ამ პროგრამის მიმართ კიდევ უფრო დიდი სტიმული გაჩნდება,” – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე” პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფოსთან ერთად პოტენციური ინვესტორების, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების, საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში.
პროგრამის წარმატებით განხორციელების მიზნით შემუშავებული არაერთი ღონისძიების პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ბათუმის მერიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი.
მანამდე მოქმედი კოდექსი ავარიული სახლის ჩანაცვლების შემთხვევაში იგივე მოცულობის შენობის აშენების შესაძლებლობას არ იძლეოდა, რაც შეუძლებელს ხდიდა ავარიულ სახლში მცხოვრებლების ბინის პრობლემის გადაჭრას.
პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ქონების შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით.
ბათუმში 3000-ზე მეტი ოჯახი ავარიულ პირობებში ცხოვრობს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ყველა ოჯახი, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო საცხოვრისით.
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 80 მლნ ლარს და ავარიული სახლების ჩანაცვლება ეტაპობრივად განხორციელდება. პროგრამის განსახორციელებლად მხოლოდ 2022 წლის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იქნება გათვალისწინებული. მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება. პროგრამის ფარგლები ეტაპობრივად საჭიროების მქონე ყველა პირი უზრუნველყოფილი იქნება ახალი უსაფრთხო საცხოვრისით.
საბიუჯეტო პროგრამის პარალელურად განხორციელდება ავარიული და საცხოვრებლად გამოუსადეგარი საცხოვრებელი სახლების გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთების კერძო სექტორისთვის შეთავაზება.
აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.