ყაზბეგში სახალხო ზეიმი “ყაზბეგობა 2022” აღინიშნა
9 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული „ყაზბეგობა 2022″ აღინიშნა.
ღონისძიება სპორტული აქტივობით დაიწყო, გაიმართა შეჯიბრი დოღსა და მკლავჭიდში.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.
სახალხო ზეიმის მონაწილეები დალოცა და აკურთხა, ხევისა და სტეფანწმინდის მთავარეპისკოპოსმა იეგუდიელმა.
„მივესალმები ხევს და მოხევეებს, ჩვენს ძვირფას სტუმრებს, დამსწრე საზოგადოებას. გილოცავთ მოხევეებისათვის ყველაზე ძვირფას საერო დღესასწაულს ყაზბეგობას, რომელიც გვინახავს და აცოცხლებს ტრადიციებს. განსაკუთრებულად მახარებს ახალგაზრდების სიმრავლე. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იქნება ეს ინფრასტრუქტურული თუ საგანმანათლებლო პროექტები, რა თქმა უნდა გათვლილია თითოეული ჩვენგანის საჭიროებებზე, საერთო გამოწვევაზე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი, მთაში, ახალგაზრდების შენარჩუნება და მათი პერსპექტივებია, ამიტომ დღევანდელი დღესასწაული, განსაკუთრებულად ეკუთვნით მათ. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა დღევანდელი დღის ორგანიზებაში” – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა
ფოლკლორული ნაწილი გაერთიანებული ნომრით გაიხსნა, რომელიც ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა წარმოადგინეს.
დაჯილდოვდა ხუთი საპატიო მოხევე: დამსახურებული ექიმი – ნათელა სუჯაშვილი, მწყემსი – გენადი ღუდუშაური, ეთნომუსიკოლოგი – ნანა ვალიშვილი, მრავალშვილიანი დედა – ნადია ქუქიშვილი და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი – ლუბა თამაზხანოვი.
მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და საკუთარი შემოქმედება წაიკითხეს ტარიელ ხარხელაურმა, გია ჯაფარიძემ, მანანა თექთურმანიძემ, თენგო ავსაჯანიშვილმა.
მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის კულტურის ცენტრების ანსამბლებმა, ადგილობრივებთან ერთად, მთის სატრფიალო სიმღერები შეასრულეს.
გაიმართა ხრიდოლის შოუ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ღამის შოუს ბენდის გალა-კონცერტი გაიმართა, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.