ოკუპანტებმა სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე  ლითონის ბოძები და მავთულხლართები უკანონოდ დაამონტაჟეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია განახორციელეს, რომლის ფარგლებში ლითონის ბოძები და მავთულხლართები უკანონოდ დაამონტაჟეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები