ბათუმში სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება ტელეფონის სატენის გამო მოხდა
ბათუმში, მეთორმეტეკლასელებს შორის დაპირისპირებაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ირკვევა, თანაკლასელებს შორის უთანხმოების მიზეზი მობილური ტელეფონის სატენი იყო.
ბათუმის მერვე სკოლის დირექტორი, გივი ხალვაში ამბობს, რომ, მისი ინფორმაციით, სისხლიან გარჩევას ადგილი არ ჰქონია.
“სისხლიანი გარჩევა არ მგონია, იმიტომ, რომ ეს ბიჭი, რომელიც პოლიციაში წაიყვანეს, ჩვეულებრივ იყო, საუბრობდა. 12 წელია ერთად, სწავლობენ. ველოდებით პოლიციის გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ ჩვენც მივიღებთ გადაწყვეტილებას. საქმეს გადავცემთ დისციპლინურ კომიტეტს და კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას,” – ამბობს ხალვაში.
ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე აცხადებს, რომ დაზარალებულ მოსწავლეს სახეზე მსუბუქი დაზიანება აქვს.
“ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა ბავშვმა მეორე ბავშვს და მსუბუქად დაზიანებულია სახის არეში. დაპირისპირების მიზეზი, როგორც სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, იყო მობილური ტელეფონის სატენი, ერთ-ერთმა მიაწოდა მეორე ბავშვს და აქედან რაღაც გაუგებრობა მოხდა ბავშვებს შორის. აქ ჩართულნი არიან სამართალდამცავი ორგანოები, ჩართულია სკოლის დირექცია და სკოლა მიიღებს შესაბამის ზომებს,” – თქვა დავითაძემ.
შემთხვევა გუშინ ერთ-ერთი საჯარო სკოლის მიმდებარედ, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა.
დაპირისპირების დროს დაშავდა ერთი მოსწავლე, ის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, მდგომარეობა სტაბილურია. მეორე მოსწავლე და მშობლები კი პოლიციამ გამოკითხა. ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.