რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად 30 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება
რუსთავის წყალმომარაგების სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას 30 მილიონი ლარი მოხმარდება. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, დღევანდელ სხდომაზე რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად ,,ჯი ვი პი”-ს მიერ წარდგენილი საინვესტიციო გეგმა-გრაფიკი დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2023 წლის ბოლომდე კომპანიამ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
სემეკში გამართულ სხდომას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები ესწრებოდნენ.
,,კომპანიამ სემეკში წარადგინა ის გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვით რუსთავის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია და დარწმუნებული ვარ მოსახლეობასაც კარგად ესმის, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ ერთ და ორ თვეში არ მოგვარდება, თუმცა 30 მილიონი ლარი რომელიც დღეს სემეკის გადაწყვეტილებით დამტკიცდა, კომპანიამ რუსთავში უნდა დახარჯოს ამორტიზებული მილსადენის გამოსაცვლელად და სხვადასხვა ღონისძიებების გასატარებლად იმისთვის, რომ წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ აღარ გვქონდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს შედეგს გამოიღებს”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის მერმა დღესვე სემეკს თხოვნით მიმართა, გასაჯაროვდეს დამტკიცებული გეგმა-გრაფიკი.
“თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს რაში იხარჯება ეს თანხა და რა პერიოდში განხორციელდება ამ ინვესტიციის ჩადება. მე ვთხოვე სემეკს, გაასაჯაროონ ის გეგმა-გრაფიკი, რომელიც კომპანიამ წარადგინა. თითოეულ რუსთაველს ეცოდინება კონკრეტული ქუჩები, სადაც წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ასევე ვთხოვე სემეკს, რომ ჩავერთოთ მონიტორინგში და გარკვეული პერიოდულობით მოვისმინოთ ანგარიში შესრულებული სამუშაოს შესახებ”, – განაცხადა ლაცაბიძემ.
როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, 30 მილიონი ლარიდან ძირითადი ნაწილი მოხმარდება მაგისტრალური მილსადენის შეცვლას, გარდა ამისა იდენტიფიცირებულია ის ქუჩებიც, სადაც ასევე ხშირია ავარიული დაზიანებები.
“ჩვენს მიერ დამტკიცებული ინვესტიციის ნაწილი მოხმარდება მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციასა და ყველაზე პრობლემატური ქუჩების წყალმომარაგების სისტემის აღდგენას, ამის გარდა გამოიცვლება ის მონაკვეთები, სადაც მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. მარეგულირებელ კომისიას გააჩნია მონიტორინგის შესაბამისი ინსტრუმენტები, ჩვენ დავაკვირდებით თუ რამდენად გაუმჯობესდება წყალმომარაგების მაჩვენებლები. დამტკიცებული გეგმა-გრაფიკი უნდა განხორციელდეს 2023 წლის ბოლომდე და ამ პერიოდში საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლის თხოვნით, სემეკს რუსთავის მერიამ აგვისტოს ბოლოს მიმართა. რუსთავის საკითხი საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველად 1 სექტემბერს განიხილა და სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, კომპანია ,,ჯი ვი პი”-ს 50 ათასი ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. ჯარიმის გარდა, კომპანიას რუსთავში შესასრულებელი სამუშაოს გეგმა-გრაფიკის წარდგენის ვალდებულებაც დაეკისრა. წარმოდგენილი გრაფიკის მიხედვით, , ჯი ვი პი”, რუსთავის რიგ უბნებში, სამუშაოებს მიმდინარე წელსვე დაიწყებს. ინვესტიციის ძირითადი წილი, კი 2023 წლის თებერვლიდან განხორციელდება.