ავსტრიის დელეგაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ავსტრიის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს და ავსტრიის დელეგაციის წევრებს შეხვდა. ავსტრიის დელეგაციაში ტიროლის საერთაშორისო ურთიერთობის, სამთო, სახანძრო და სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი პირები შედიან. შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შედგა.

ტიროლი უკვე თანამშრომლობს სამეგრელო-ზემო სვანეთთან სახანძრო-სამაშველო და ტყის ხანძრების მართვის საკითხების მიმართულებით. სამომავლოდ ასევე დაგეგმილია ტურიზმის და განათლების სექტორში თანამშრომლობა. შეხვედრაზე მხარეებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ავსტრიის რესპუბლიკის ტიროლის ფედერალურ მიწას შორის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და დამეგობრებული რეგიონების მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი და სხვადასხვა სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის ოქტომბერში გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები