საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ „ადამიანის განვითარების და კულტურის საერთაშორისო სკოლა” -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ გულიკაშვილმა, ტურიზმის განვითარების, საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროს ქეთევან გრატიაშვილთან, კულტურის გაერთიანების ხელმძღვანელ ბესიკ ღვინაშვილთან ერთად ონლაინ ფორმატში იტალიასთან სამომავლო ურთიერთობის დამყარების მიზნით, სან ვიჩენცოს მერთან, ვიცე მერთან, ქალაქ ლეჩეს ადმინისტრაციის წარმომადგენელ ფაბიო ტოლედისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ორ მუნიციპალიტეტს შორის ისტორიის, კულტურის, ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობათა შესახებ ინფორმაციის გაზიარება. მხარეებმა ისაუბრეს დამეგობრების მნიშვნელობისა და სამომავლოდ ურთიერთსასარგებლო პერსპექტივების შესახებ, რათა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოხდეს მძლავრი კულტურულ-საგანმანათლებლო კერის შექმნა/პოპულარიზაცია, ტურიზმის განვითარება და კულტურის პოპულარიზაცია, მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება.
მხარეებმა ასევე განიხილეს ქალაქ საგარეჯოს პოზიციონირება საერთაშორისო დონეზე და ბრენდირება, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდული აქტივის ჩართულობას კულტურული, არაფორმალური განათლებისა და ხელოვნების მიმართულებებით.
გარდა ამისა, დაიგეგმა სხვადასხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ინფორმაციას საგარეჯოს მერია ავრცელებს.