რუსთავში პირველი ღია საგამოფენო სივრცე გაიხსნა
რუსთავში პირველად, თანამედროვე ღია საგამოფენო სივრცე, რუსთაველი მხატვრებისა და სკულპტორების გამოფენით გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, სპეციალურად ხელოვანი ადამიანებისთვის შექმნილი რეკრეაცია, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
,,რუსთავში გავხსენით კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე, რომელიც ღია საგამოფენო სივრცის ფუნქციას შეითავსებს. ეს სივრცე იქნება ახალი შესაძლებლობა ხელოვანი ადამიანებისთვის გაგვიზიარონ საკუთარი ნამუშევრები. ჩვენ ვაგრძელებთ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას, რა თქმა უნდა ერთ-ერთი პრიორიტეტი არის რეკრეაციული სივრცეების განვითარება, თუმცა სასურველია, რომ ამ სივრცეებს ჰქონდეს დამატებითი ფუნქცია და სწორედ ეს ღია საგამოფენო სივრცე იქნება ახალი შესაძლებლობა და რუსთაველი ხელოვანებისთვის. ჩვენ კი, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ვგეგმავთ აქ ძალიან ბევრი და კარგი ღონისძიებების გამართვას”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
ღია საგამოფენო სივრცე, რომელმაც დღეს პირველად უმასპინძლა მხატვრებს, დღეიდან ნებისმიერი რუსთაველი ხელოვანისთვის, ფერწერული ტილოების, ხელნაკეთი ნივთების თუ სკულპტურული ნამუშევრების გამოფენის ახალი შესაძლებლობა იქნება.
რეკრეაციულ ზონაში საფეხმავლო ბილიკების, მწვანე სივრცეების, სარწყავი სისტემის, გარე განათებისა და დასასვენებელი ზონების გარდა, გამოფენის მოსაწყობად საჭირო მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციები და ტენტით გადახურული სტენდებია მოწყობილი.
ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება უფასო ინტერნეტით, ვანდალიზმის ფაქტების პრევენციის მიზნით, კი საგამოფენო სივრცე, ვიდეო კამერებით გაკონტროლდება. პროექტის ღირებულება 334 439 ლარია.