ნინო ლაცაბიძე: ნიჩბოსნობას რუსთავში აქვს ძალიან დიდი ისტორია და ჩვენ ამ ისტორიას ვაგრძელებთ
რუსთავის კულტურის და დასვენების პარკის ტერიტორიაზე არსებულ ტბაზე 1 და 2 ოქტომბერს, ნიჩბოსნობაში რუსთავის ღია პირველობა ჩატარდა. ტურნირში მონაწილეობა 2003-2008 წლებში დაბადებულმა ოთხმოცამდე სპორტსმენმა, საქართველოს შვიდი ქალაქიდან მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ორდღიან პირველობაში გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიალი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რუსთაველმა ალექსანდრე წივწივაძემ სანახაობრივი გაცურვით გახსნა. ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები და სპორტსმენები დაესწრნენ.
ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენებს მედლები და სიგელები რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ნიჩბოსნობაში ალექსანდრე წივწივაძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრმა მიხეილ ბერუაშილმა, რუსთავის მერის მოადგილეებმა და რუსთავის სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გადასცეს.
ტურნირის პარალელურად, რუსთავში ნიჩბოსნობის ახალი ბაზაც გაიხსნა, რომელიც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით აშენდა.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა დაკავდეს სპორტით და ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ის ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ნიჩბოსნობის ხელშესაწყობად მოეწყო რუსთავში. მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ნიჩბოსნობას რუსთავში აქვს ძალიან დიდი ისტორია და ჩვენ ამ ისტორიას ვაგრძელებთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.