ხმაური ოზურგეთის საკრებულოში – დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაცმოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ განაცხადა, რომ “ოცნების” წევრები კურორტ გომის მთაზე მიწებს ითვისებენ და ხელს უშლიან კურორტის განვითარებას. მჟავანაძის ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა მმართველი გუნდის მხრიდან და სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა.

„კურორტი ფაქტობრივად დაღუპეს, გაწირეს და ამის ნათელი მაგალითი არის წულუკიანის მიერ გაკეთებული განცხადება. ეს იყო ჯერ კიდევ 2020 წლის 3 აგვისტოს, როდესაც ის ავიდა გომის მთის დასათვალიერებლად და გასცეს ბრძანება, პრაქტიკულად დააკანონა უკანონობა და ხმების სანაცვლოდ ადამიანებს მისცა ნება, იქ მიეთვისებინათ მიწები. ეს ბოროტად გამოიყენეს „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა წარმომადგენლებმა. მაგალითად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს პირდაპირ დეკლარაციაში უწერია მივითვისეო და ეს სახელმწიფომ დაურეგისტრირა. ხოლო ვკითხულობთ მეორე განცხადებას, პროკურატურის გავრცელებულს, სადაც 24 ადამიანს ედავებიან სისხლის სამართლის დანაშაულს. ვინც „ქოცი“ იყო, დაურეგისტრირეს და ვინც არ მოეწონათ, იმათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააკისრეს. ეს არის დანაშაული, რაც არ უნდა წაახალისო“, – განაცხადა დავით მჟავანაძემ.

ოზურგეთის მერის მოადგილის, გიორგი ღურჯუმელაძის განცხადებით, გომის მთის მიწებთან დაკავშირებით თუ დარღვევა იქნება, შესაბამისი ორგანოები კანონით დადგენილი ყველა პროცედურის გათვალისწინებით, შესაბამის მოქმედებებს გაატარებენ.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრობა“ დესტრუქციული ძალაა და ყოველთვის ცდილობს, საკრებულოს სხდომაზე არეულობა შექმნას.

„ნაციონალური მოძრობა“, ეს დესტრუქციული ძალა ყოველთვის ცდილობს, არეულობა შემოიტანოს საკრებულოს სხდომაზე და ნორმალურ მსვლელობას შეუშალოს ხელი. მათი განცხადებები და აქტივობები ტყუილზეა აგებული. დღესაც ამის მოწმეები გავხდით. სხდომაზე განიხილება ბიუჯეტის ზრდა, რომელიც 60 მილიონს გადააჭარბებს. ასევე, სოციალური მეწარმეების ხელშეწყობის პროექტი და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის აუცილებელია. ამის გადაფარვის მიზნით აწყობენ პროვოკაციებს. თუმცა ჩვენ ამ საკითხს ადეკვატურად გავცემთ პასუხს. არაერთი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობს სხდომა, როდესაც დესტრუქციული ძალა შეურაცხყოფას აყენებს სხვადასხვა პიროვნებას. შესაბამისად, მათი მხრიდან ზრდილობაზე საუბარი ზედმეტია. რაც შეეხება გომის მთას, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი და შეიძინა გომის მთის განვითარების გეგმა, რომლის კონცეფციის პირველი ეტაპი წარმოდგენილი იქნა დღეს საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად. შემდეგი ეტაპია მისი დეტალური გეგმა. იქ იქნება განხილული ყველა ქონებრივი საკითხი. თუ დარღვევაა, შესაბამისი ორგანოები შესაბამის მოქმედებებს გაატარებენ კანონით დადგენილი ყველა პროცედურის გათვალისწინებით“, – განაცხადა გიორგი ღურჯუმელაძემ.

შესვენების შემდეგ საკრებულოს წევრებმა გომის მთის სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია დაამტკიცეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები